jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

IDFI-ს მიერ განხორციელებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უწყვეტი მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ 2023 წელს კვლავ აქტიურად გრძელდება საქართველოს სამინისტროების და მათი დაქვემდებარებული უწყებების თვითნებობა, რაც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების უპასუხოდ დატოვებაში და საქართველოს კანონმდებლობის მიზანმიმართულ დარღვევაში გამოიხატება, - ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის შეფასებით, შესწავლილი გარემოებები, მნიშვნელოვნად ამყარებს ეჭვებს, რომ 2022 წლიდან სამინისტროების და მათი დაქვემდებარებული უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების სრული იგნორირების დამკვიდრებული პრაქტიკა დაკავშირებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან შეიზღუდოს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლება.

„ხოლო, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელების მიერ გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულობის მათი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად დასახელება, არ არის გამყარებული პრაქტიკული ქმედებებით.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუარესება განსაკუთრებულ პრობლემად უნდა შეფასდეს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი პირობები მნიშვნელოვნად უკავშირდება საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ზრდას, ხოლო საჯარო ინფორმაციაზე წვდომა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად არის დასახელებული. შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუარესება, უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

IDFI-ს გავრცელებულ განცხადებაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის სხვადასხვა ფაქტები მოჰყავს, მათ შორის, მთავრობის განკარგულებები, რომლებზეც ორგანიზაციამ სასამართლო დავაც კი ჰქონდა.

„მიმდინარე წელს საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სახეზე გვაქვს სასამართლო დავის იმგვარი გადაწყვეტა, რაც IDFI-ს შეფასებით სრულიად სცილდება სამართლებრივ სივრცეს და ეჭვებს აჩენს, რომ სასამართლოსთან კოორდინირებულად ხდება მაღალი ინტერესის მქონე საჯარო ინფორმაციის შეზღუდვა.

კერძოდ, მთავრობის განკარგულებების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას IDFI 2020 წლიდან ითხოვს. მთავრობის ადმინისტრაციამ 2020 წლის მარტიდან შეწყვიტა ვებგვერდზე განკარგულებების გამოქვეყნება, თუმცა ეს ვალდებულება მას კანონმდებლობით აქვს დაკისრებული. IDFI-მ განცხადებით მიმართა მთავრობას და მოითხოვა განკარგულებების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა, მაგრამ არც ამ მოთხოვნას და არც შემდგომ წარდგენილ საჩივარს არ მოჰყოლია რაიმე რეაგირება.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვა 2 წელიწადნახევარი გაჭიანურდა, მაშინაც, როდესაც საქმის განხილვა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე 5 თვეს. 2023 წლის 19 მაისს, მოსამართლე ნინო შჩერბაკოვამ, რომელსაც მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა, მთავრობას არ დააკისრა მისივე რეგლამენტით დადგენილი, ღია და საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება. სასამართლოს მოტივაცია უცნობია, რამდენადაც დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია, თუმცა რთულია სამართლებრივი ახსნა მოეძებნოს იმ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმას, რომელიც კანონმდებლობითაა საჯაროდ მიჩნეული და მოპასუხე მხარეს არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტაცია“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

393