გვახსოვდეს, რომ უფალი თავისი დიდი სიყვარულით ყოველთვის ელოდება ჩვენს მობრუნებას და მასთან ურთიერთობას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე შიოს თქმით, სიყვარული მოითხოვს საპასუხო სიყვარულს. ასე რომ, უფალიც მოითხოვს ჩვენგან ამ საპასუხო სიყვარულს და უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც მას ხშირად მივმართავთ, ჩვენ მას დიდ სიხარულს ვანიჭებთ.
„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, რომელსაც ეწოდება თომას კვირა, ანტიპასქა და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დალოცვას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი ლოცვა.
დღვანდელ დღესთან დაკავშირებით წმინდა ეკლესია წარმოგვიდგენს საკითხავს სახარებიდან, სადაც აღწერილია, თუ როგორ ეცხადება მკვდრეთით აღდგომიდან პირველივე დღეს უფალი იესო ქრისტე თავის მოციქულებს. იგი შედის დახშულ კარებში და მიმართავს მათ. ამ შეკრებაზე არ იმყოფებოდა მოციქული თომა. როდესაც მოწაფეები მას ეტყვიან, რომ მათ აღდგომილი იესო ქრისტე იხილეს, ის არ დაიჯერებს, ამბობს, რომ თუ ჩემი თვალით არ დავინახავ და ხელით არ შევეხები მის ნალურსმევს და ჭრილობებს, არ ვირწმუნებო.
რვა დღის შემდეგ კვლავ ეცხადება უფალი იესო ქრისტე მოციქულებს. მას, რა თქმა უნდა, შეებრალება თომაც, თავისი დიდი სიყვარულის გამო და ეტყვის: „მოდი, თომა, და შეეხე ჩემს ჭრილობებს, რომ დარწმუნდე ჩემს აღდგომაში“, მაგრამ თომას აღარ დასჭირდა ეს შეხება, არამედ მან აღიარა უფალი იესო ქრისტე და თქვა: „უფალი ჩემი და მაცხოვარი ჩემი!“
აი, ასეთი სახარებაა, ძვირფასო ძმებო და დებო, საიდანაც ჩანს, როგორ ზრუნავს უფალი იესო ქრისტე თავის მოწაფეებზე და, საერთოდ, ყოველ ჩვენგანზე, იმიტომ რომ ჩვენც, ვინც მოსული ვართ ეკლესიაში, შეგვიძლია გავიხსენოთ ასეთი მომენტი ჩვენი ცხოვრებიდან, ზოგისთვის ეს არაერთგზის ყოფილა, როდესაც უფალმა მოგვცა საშუალება, განვიცადოთ ცოცხალ ღმერთთან შეხება, რომ განვიცადოთ, გვქონდეს ეს გამოცდილება. ზოგს ბავშვობიდან აქვს ეს; ეს იმდენად ძლიერი განცდაა, იმდენად მყარ გამოცდილებას იძლევა, რომ ეს ნამდვილი გამოცდილებაა ღმერთთან ურთიერთობისა, როდესაც შენ მიმართავ ღმერთს და ის გპასუხობს. ეს არასოდეს ავიწყდება ადამიანს, როდესაც გისრულდება შენი თხოვნა.
სწორედ აი, ამ გამოცდილებას ემყარება ნამდვილი სულიერი ცხოვრება და ნამდვილი სარწმუნოება, იმიტომ რომ სარწმუნოებას ისე ვერ იძენს ადამიანი, რომ ვიღაცამ უთხრას: – ღმერთი არსებობს, მცნებები უნდა დაიცვა, კანონები უნდა შეასრულო, – ეს არ არის საკმარისი, ამით ვერავის დააჯერებ და დაარწმუნებ, მხოლოდ პირადი, რეალური გამოცდილება ღმერთთან შეხებისა არის მომტანი ნამდვილი და ურყევი სარწმუნოებისა.
ასე რომ, ის, რაც თომას შეემთხვა, სულაც არ იყო გასაკვირი და არასწორი. რატომ? იმიტომ, რომ თომას მოციქულებმა მოუთხრეს და აცნობეს ის გამოცდილება, რაც მისთვის უცხო იყო და მანამდე მათთვისაც უცხო იყო მკვდრეთით აღდგომილ იესო ქრისტესთან შეხება.
სინამდვილეში, თომა ურწმუნო კი არ იყო, თქვენ ხომ გახსოვთ, არათუ ურწმუნო, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მოშურნე და მხურვალე მოწაფე იყო უფლისა. მაგალითად, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ გადაწყვიტა იუდეაში დაბრუნება ლაზარეს სიკვდილის შემდეგ მართასა და მარიამთან ლაზარეს მკვდრეთით აღსადგენად, მაშინ მოციქულები ეტყვიან უფალს: „კი, მაგრამ სულ ახლახან ქვებით ჩაქოლვას გიპირებდნენ იუდეაში, შენ კი იქ მიბრუნდებიო“. უფალი ამბობს, წავიდეთ ლაზარესთანო, მაშინ თომა იტყვის სწორედ: „ჩვენც წავიდეთ და მოვკვდეთ მასთან ერთად“.
ასე რომ, რომელ ურწმუნოებაზეა საუბარი? აქ, უბრალოდ, თომამ, როგორც გულწრფელმა, როგორც ერთგვარმა მიამიტმა, ამ ფორმით გამოხატა ის, რომ მოციქულებს ეუწყათ უფალთან ურთიერთობის ეს გამოცდილება, მას კი – არა, და მან პირობასავით დააყენა, რომ თუ არ დავინახავ, არ დავიჯერებო.
უფალი იესო ქრისტეც ამ პირობას უსრულებს, მიდის ამაზე, რომ თომა დარწმუნდეს. აქედან კიდევ რა ჩანს ჩვენთვის? ჩანს, რომ უფალი თავისი დიდი სიყვარულით მზად არის, უმძიმეს ცოდვილსაც კი, ვისაც მოუნდება უფალთან ურთიერთობა, უფალთან შეხება, მთელი გულით ძიება ჭეშმარიტებისა, – გამოეცხადოს და მისცეს ეს გამოცდილება მკვდრეთით აღდგომილ ქრისტესთან შეხებისა.
ამას ამბობს დღევანდელი სახარება. რატომ? იმიტომ, რომ უფალს ყველა უყვარს, თუ შეიძლება ასე ითქვას, – უფალს ვენატრებით ჩვენ, მას უნდა ჩვენთან ურთიერთობა, უნდა, რომ დაგვეხმაროს, უნდა, რომ გამოგვასწოროს, გამოასწოროს ჩვენი ცხოვრება, ჩვენი საქმეები, ქცევა, მას უხარია ჩვენთან ურთიერთობა. როგორც, მაგალითად, დედას, დედის გულს, რაც უნდა აწყენინოს, ცუდად მოიქცეს შვილი, დედა ხომ მაინც ელოდება, მაინც იმედით არის სავსე, რომ ეს ბავშვი ოდესღაც გაიზრდება, გამოსწორდება. დედა სხვანაირად ვერ ფიქრობს. ასევეა უფალი. იგი კიდევ უფრო მეტად, მრავალგზის და მრავალგზის ელოდება ჩვენს გამოსწორებას, ელოდება, რომ ჩვენ შევჩერდებით ჩვენს ცოდვაში და დავუბრუნდებით ღმერთს და ეს, ვიმეორებ, მას ახარებს, როდესაც მას მივმართავთ.
სიყვარული რას მოითხოვს, როგორც წესი? სიყვარული მოითხოვს საპასუხო სიყვარულს. ასე რომ, უფალიც მოითხოვს ჩვენგან ამ საპასუხო სიყვარულს და უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც მას ხშირად მივმართავთ, ჩვენ მას დიდ სიხარულს ვანიჭებთ.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ.
გილოცავთ დღევანდელ დღეს და ვეცადოთ, რომ გვახსოვდეს ის, რაც შეემთხვა თომა მოციქულს; გვახსოვდეს ის, რომ უფალი თავისი დიდი სიყვარულით ყოველთვის ელოდება ჩვენს მობრუნებას და მასთან ურთიერთობას, ამინ!“, - განაცხადა მეუფე შიომ.