
თბილისის მერიამ ფასების საერთაშორისო გამოკითხვა დიდუბე-ვაკე-რუსთაველის მეტროს ახალი ხაზის მშენებლობისთვის გამოაცხადა.
ახალ ხაზს 7 სადგური უნდა ჰქონდეს და ის ერთმანეთს დააკავშირებს, როგორც მეტროს მეორე, ასევე პირველ ხაზს. ახალი ხაზის სიგრძე 8.5 კილომეტრი უნდა იყოს.
პროექტის თანახმად, მესამე ხაზის ცენტრალური ნაწილი იწყება მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიიდან და საბურთალოს, ვაკის გავლით უკავშირდება მეტროსადგურ რუსთაველს.
„მესამე ხაზის დანიშნულება იქნება „სადგურის მოედნის“, როგორც ერთადერთი მეტროპოლიტენის არსებულ ხაზებს შორის გადასაჯდომი სადგურის განტვირთვა და მეტროპოლიტენით დედაქალაქის უფრო მეტი უბნების მომსახურება, რისთვისაც მეტროსადგურებზე: „დიდუბე“, „რუსთაველი“ და „სამედიცინო უნივერსიტეტი“ უნდა მოეწყოს მესამე ხაზზე გადასასვლელი ინფრასტრუქტურა.
მესამე ხაზს მატარებლების შემადგენლობით მოემსახურება ელ. დეპო „ნაძალადევი“, რისთვისაც პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს მესამე ხაზიდან მეორე (,,სადგურის მოედანი 2’’ - ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი’’) ხაზზე გადასვლის შესაძლებლობა, საიდანაც მოძრავი შემადგენლობა შეძლებს გადასვლას ,,ელ. დეპო ნაძალადევში’’ (,,წერეთელი’’ - ,,ელ. დეპოს’’ დამაკავშირებელი გვირაბის საშუალებით).
ასევე საპროექტო მეტროსადგურებზე „დიდუბე 2“ და „რუსთაველი 2“ უნდა მოეწყოს სამანევრო ჩიხები“, - ვკითხულობთ დოკუმენტებში.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, მესამე ხაზის საორიენტაციო სიგრძე 8.5 კმ იქნება, სადგურების რაოდენობა კი 7, კერძოდ ესენია:
- დიდუბე 2;
- გამოფენა;
- სამედიცინო უნივერსიტეტი 2;
- ცენტრალური პარკი;
- ვაკის პარკი;
- ვაკე;
- რუსთაველი 2.
ტექნიკური დავალების თანახმად, პროექტის განხორციელების/დასრულების საორიენტაციო ჯამური ვადა 7 წელს შეადგენს. დოკუმენტის სახით, 2025 წელი პროექტისთვის ბიუჯეტი გამოყოფილი არ არის.
პროექტის მიხედვით, დამკვეთი შემდეგი მოცულობის თანხის გადახდას გეგმავს:
- 2026 წელი: არაუმეტეს 40 მლნ აშშ დოლარი;
- 2027 წელი: არაუმეტეს 70 მლნ აშშ დოლარი;
- 2028 წელი: არაუმეტეს 70 მლნ აშშ დოლარი.