jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
7 ბიზნეს ასოციაცია “თბილისი ენერჯის” მიერ გაზის ტარიფის ზრდას ეხმაურება და მოითხოვს კომპანიამ განმარტოს გაძვირების მიზეზები, ანუ რატომ გაიზარა ბიზნეს სუბიექტებისთვის ტარიფი 24 თეთრით. ამას გარდა, ბიზნეს ასოციაციები ითხოვენ კომპანიამ ტარიფის დათვლის მეთოდოლოგია წარადგინოს. ბიზნეს ასოციაციებისთვის ასევე გაუგებარია რატომ მიიღო გაზის მიმწოდებელმა კომპანიამ ბიზნესისთვის ამ კრიზისულ პერიოდში ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება:
 
“გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი პრინციპული და მკვეთრად უარყოფითი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. განსაკუთრებით გაუგებარია ამ გადაწყვეტილების მიღება ახლა, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დროს, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიის გავრცელების დიდი მასშტაბით ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში. ახლა, როცა თითქმის ყველა ბიზნესი გაჩერებულია და დაზარალებული დარგები მუდმივად მიმართავენ მთავრობას სხვადასხვა სახის დახმარებებისა და შეღავათების გაწევის მოთხოვნით, “თბილისი ენერჯი” იღებს მოულოდნელ და შეუთანხმებელ გადაწყვეტილებას და ბიზნესზე ახორციელებს სრულიად გაუმართლებელ დამატებით წნეხს და უზრდის ისადაც მაღალ კომუნალურ გადასახადს.”
 
ბიზნეს ასოციაციების განცხადებით, ტარიფის მატება აისახება მომხმარებელზეც, რადგან გაზრდილი კომუნალური გადასახადი პროდუქციის ღირებულებაზე ახდენს გავლენას. მათივე თქმით, კარგად ესმით ლარის გაუფასურების საკითხის პრობლემურობაც, რითიც “თბილისი ენერჯიმ” ტარიფის გაძვირება დაასაბუთა, თუმცა ასოციაცები კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და განმარტებას ითხოვენ:
 
“გამომდინარე საკითხის მასშტაბურობიდან და ქვეყანაში ამ ეტაპზე მიმდინარე უმძიმესი კრიზისული პროცესებიდან, ასევე იქიდან, რომ როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, საქმე გვაქვს კომპანიის ბუნებრივ მონოპოლიურ მდგომარეობასთან, მოვითხოვთ “თბილისი ენერჯის” ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას და მათგან განმარტებას შემდეგ 2 საკითხზე:
1) რატომ ხდება კონკრეტულად ამ ოდენობით – 0,24 ლარით ტარიფის გაძვირება და 2) წარმოდგენილ იქნას ტარიფის დათვლის მეთოდოლოგია, თუ რა კომპონენტებისგან შედგება ესა თუ ის   ტარიფი და როგორია ხარჯების სტრუქტურა კომპანიაში. ასევე მივმართავთ საქართველოს მთავრობას, დროულად ჩაერიოს ამ საკითხის მოგვარებაში და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი ამ უაღრესად საზიანო პროცესის დასარეგულირებლად.”
 
განცხადებას ხელს აწერენ:
 
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო
გადასახადის გადამხდელთა კავშირი
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია
საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია
რესტორატორთა ასოციაცია
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, 3 იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო აბონენტებს ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთთრით — 86 თეთრიდან 1.1 ლარამდე — გაეზრდებათ.
 
კომპანია ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის ცვლილებამ სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის გაზმომარაგების პროცესში:
 
„კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით“.
1329