jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დაახლოებით 1 000 ოპერაციაზე მეტი არის საბაჟო ორგანოს მიერ შეჩერებული და გაუქმებული, რადგან არსებობდა სანქციების დარღვევის რისკი, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ძირითადად იყო საყოფაცხოვრებო საქონელი, რომელიც ასევე სანქციების სიაშია. ამასთან, ლაშა ხუციშვილის განმარტებით, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც შესაძლებელია, ტვირთებთან მიმართებაში ვერ ხორციელდებოდეს ისეთი კონტროლი, როგორიც ხორციელდება საქართველოში.
მინისტრის თქმით, აქედან გამომდინარე, ვერ იარსებებს კითხვები, რომ საქართველოში სანქციების აღსრულება ჯეროვნად არ ხდება.
„საქონლის ეს ჩამონათვალი არ ეხება სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სანებართვოა და, ბუნებრივია, ასეთი ტიპის ნებართვას სახელმწიფო არ გასცემს ორივე შემთხვევაში. ძირითადად იყო საყოფაცხოვრებო საქონელი, რომელიც ასევე სანქციების სიაშია, თუმცა ამ მიმართულებით მკაცრი კონტროლი ხორციელდება. გარდა ამისა, იყო 500-ზე მეტი შემთხვევა, სადაც მიმართეს შემოსავლების სამსახურს და განუმარტეს, რომ ასეთი ოპერაციის განხორციელება არ შეიძლება და პროაქტიურადაც, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი მუშაობს ბიზნესოპერატორებთან, იმპორტიორებთან და ამ ოპერაციებში ჩართულ პირებთან, რომ მიაწოდოს წინასწარ ინფორმაცია, რა არის სანქცირებული და რა არ არის სანქცირებული. სანქციების სია და ჩამონათვალი საკმაოდ დიდია და არცთუ მარტივი არ არის მისი აღსრულება. ამ მიმართულებით კონკრეტულ საქონელთან მიმართებაში, გარკვეულ პირობებზე, გარკვეულ ვადებზეა მიბმული და, შესაბამისად, ამის ცოდნა და გამოცდილება აქვს შემოსავლების სამსახურს და საბაჟო ორგანოს. მეტსაც გეტყვით, საქართველოს უკვე ჰყავს ორი სერტიფიცირებული ექსპერტი სანქციების აღსრულებაში და სპეციალური პროგრამა არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ პროგრამის გავლის შემდგომ პირები აბარებენ გამოცდას და იღებენ ექსპერტის სერტიფიკატს სანქციებთან მიმართებაში. შესაბამისად, საბაჟო სამსახურში საქართველოს ჰყავს ორი ასეთი ექსპერტი, მათზე კვალიფიციურად პასუხს ვერავინ გასცემს, კონკრეტულ ტრანზაქციასთან მიმართებაში არის თუ არა სანქცირებული.
პირველ რიგში, მინდა, თქვენ მოგიწოდოთ და გთხოვოთ, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოთ. საქართველოში არსებობს ორგანო, სადაც შეიძლება მსგავსი ინფორმაციის გადამოწმება სანქციების აღსრულებასთან მიმართებაში და ეს ორგანო არის ძალიან გამჭვირვალე და ღია ნებისმიერ შეკითხვაზე. ბუნებრივია, პასუხი იქნება გაცემული ძალიან დეტალურად, რასაც აკეთებს ისედაც ეს სამსახური. შესაბამისად, ამ მიმართულებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში სრულად არსებობს ის ცოდნა და გამოცდილება, რაზეც პასუხის გაცემა გვიწევს ჩვენ. მეორე მხრივ, ვისმენთ მხოლოდ სიტყვებს და არანაირი მტკიცებულება და დასაბუთება არ მოგვისმენია ამ მიმართულებით. ბუნებაში ვერც იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ აღსრულების ნაწილი კონტროლდება ძალიან მკაცრად და შემიძლია ვთქვა, რომ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც შესაძლებელია, ასეთი ტიპის კონტროლი ვერ ხორციელდებოდეს ტვირთებთან მიმართებაში, როგორიც ხორციელდება საქართველოში და ამ მიმართულებით ვერ იქნება გაჩენილი ვერანაირი კითხვები, რომ საქართველოში სანქციების აღსრულება ჯეროვნად არ ხდება“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
ამავდროულად, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით,  ფართოა ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ოპერაციებიც შეჩერდა და ეს ეხება როგორც ევროკავშირიდან წამოსულ საქონელს, რომელიც მიდიოდა რუსეთში, ასევე, პირიქით.
„დაახლოებით ათასზე მეტი ოპერაციაა, რომლებიც იქნა შეჩერებული დღეის მდგომარეობით. სხვადასხვა ტიპის ოპერაციაა, ეს მოიცავს საბაჟოს ფაქტობრივად ყველა ტიპის მიმართულებას, როგორც ექსპორტს, ისე რეექსპორტს, ასევე სრულად ტრანზიტს. აგრეთვე, ძალიან ფართოა ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ოპერაციებიც იქნა შეჩერებული. ეს ეხება როგორც ევროკავშირიდან წამოსულ საქონელს, რომელიც მიდიოდა რუსეთში, ასევე, პირიქით, რუსეთიდან წამოსულ საქონელს, რომელიც მიდიოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. შესაბამისად, ტრანზიტის ნაწილში ამის კონტროლიც ხორციელდება. მათ შორის, არის შემთხვევები, როცა უშუალოდ გამომგზავნი არ არის ევროკავშირის ქვეყანა, მაგრამ საქონელი არის წარმოშობით ევროკავშირის ან აშშ-ის წარმოშობის და მისი გადაადგილება ხდება საქართველოს ტერიტორიაზე. ბუნებრივია, წარმოშობიდან გამომდინარე, ამ საქონელზეც ცალკე კონტროლი ხორციელდება. ამ მიმართულებით ბევრი რისკის პროფილია შექმნილი საბაჟო სამსახურში, რომელიც უშუალოდ არის ჩართული ასეთი ტიპის საქონლის კონტროლთან მიმართებაში, ასევე ცალკე პროფილია იმ პირებზე, ვინც არიან შესული სანქციების სიაში და შესაბამისად, ამაზე ცალკე კონტროლი ხორციელდება. ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ეროვნულ ბანკშიც, რომელიც საფინანსო სექტორში ახორციელებს ზედამხედველობას. გარდა ამისა, ბანკებს თავიანთი შიდა პროცედურებიდან გამომდინარე, აქვთ დამატებითი კონტროლი. შესაბამისად, ნებისმიერი აქტივობა, რომელიც სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ხორციელდება, არის ძალიან მკაცრად გაკონტროლებული. ნებისმიერი მცდარი, თუ ყალბი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ამა თუ იმ პირის მიერ, და ძირითადად ვრცელდება პოლიტიკოსებისგან, ადამიანებისგან, რომლებსაც გარკვეული ინტერესები ამოძრავებთ, უნდა გადამოწმდეს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
282