
2025 წლის პირველი სექტემბრიდან დღემდე, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ, GCCA-მა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი 17 მოვაჭრეს დაუდგინა.
სააგენტოს ინფორმაციით, დარღვევები შეეხებოდა მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის, მომხმარებლისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსაბამო საქონლის გადაცემის, საქონლის დადგენილ ვადაში მიწოდების ვადის დარღვევის, მომხმარებლისთვის ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შეზღუდვისა და მოვაჭრის მიერ უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტებს.
„კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს დაევალათ, 1 თვის ვადაში აღმოფხვრან დარღვევა, სავაჭრო პოლიტიკა შეუსაბამონ კანონის მოთხოვნებს და აღადგინონ მომხმარებელთა დარღვეული უფლებები.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, კანონის დარღვევის ფაქტის დადასტურების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო 5 მოვაჭრე დაჯარიმდა, ჯარიმის საერთო ოდენობამ - 3908 ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.