ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს, საიდანაც 23 აქციის მონაწილე და 3 შსს-ს წარმომადგენელია.
ეს არის მთელი ქვეყნის აჯანყება, ასეთი მასშტაბური აჯანყება საქართველოს ყველა დიდსა თუ პატარა ქალაქში აქამდე არ მინახავს და არც მსმენია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France Inter-თან ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის კონგრესში ქართველი ხალხის მიმართ ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერაა, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ამერიკელი სენატორები და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ლიდერები, ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) და ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებენ.
ჩეხეთში საქართველოს ელჩმა, თეა მაისურაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ნათლად განვაცხადეთ, რომ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რაც მათ ევროპასთან უფრო დიდი ინტეგრაციის გზიდან გადასახვევად გადადგეს, აშშ ქართველი ხალხის მხარეს დგას , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
ეს ქვეყანა რუსეთს არასდროს დანებდება, ამ ქვეყანას დემოკრატია, თავისუფლება, ევროპა და ახალი არჩევნები სურს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN International -თან ინტერვიუში განაცხადა.
საპოლიციო ძალებმა საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ადგილზე მათ რამდენიმე მოქალაქე უკვე აიყვანეს. მომიტინგეების დაკავება გრძელდება.
დღეს, რუსთაველზე, ჩვენს შვილებთან ბრძოლაში მთელი ერი ვსუსტდებით!.. ხვალ - ყველანი დავმარცხდებით! დღეს არის შანსი! ხვალ მოუსვლელში ვიქნებით ყველანი ერთად… - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ისრაელში საქართველოს ყოფილი ელჩი ლაშა ჟვანია წერს.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პროტესტის მონაწილეთა შეკრებიდან უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები - მათი ნაწილი აზიანებს ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურას, ასევე, თან აქვთ სხვადასხვა სახის, საფრთხის შემცველი ნივთები, რომლებიც შესაძლოა, გასული დღეების მსგავსად, ძალადობრივი ქმედებებისთვის იყოს გამოყენებული,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ, სადაც აქცია დაიწყო, დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.