gorgia
ავერსი legi

თბილისის მერიის მიერ 2026 წლის 13 თებერვალს ხელახლა გამოცხადებულ ₾416-მილიონიან ტენდერთან დაკავშირებით, კომპანიებს მთელი რიგი კითხვები აქვთ - ამის შესახებ ტენდერის თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომელსაც საერთაშორისო კომპანიების მხრიდან ათობით კითხვა მოჰყვა. 

დიდუბიდან დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზის და ტრამვაის დეპოს მშენებლობაზე პირველი ტენდერი 2025 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, რომელიც ჯერ იანვრამდე გახანგრძლივდა, შემდეგ კი 2026 წლის 13 თებერვალს ხელახლა გამოცხადდა და მისმა ვადამ 31 მარტამდე გადაიწია. ტენდერის ვადის გაგრძელების უმთავრესი მიზეზი უკავშირდებოდა კომპანიებისთვის სათანადო ვადის მიცემას რათა საკუთარი წინადადებები მოემზადებინათ, ამასთან 13 თებერვალს ტენდერის ხელახლა გამოცხადებისას ითქვა რომ სატენდერო პროექტი დაზუსტდა, თუმცა ის ფაქტობრივად იგივე აღწერით გამოცხადდა რა აღწერაც პირველ ტენდერს ჰქონდა. შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიებმა ხელახლა დააფიქსირეს ის კითხვები, რომლებიც მათ პროექტის შესახებ თავიდანვე ჰქონდათ თუმცა, აღნიშნულზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან მკაფიო პასუხები ამ დრომდე არაა წარდგენილი, რაც თავის მხრივ საერთაშორისო კომპანიების მხრიდან სატენდერო წინადადებების წარდგენას ართულებს.

ახალი ტრამვაის ხაზის სიგრძე 7.5 კილომეტრი უნდა იყოს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ეძებს კონტრაქტორს, რომელიც პროექტს Design-Build (DB) მეთოდით განახორციელებს, რაც გულისხმობს როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე უშუალოდ მშენებლობას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ხაზი დააკავშირებს დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს მეტრო დიდუბესთან, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა გადაადგილებას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ერთ შემადგენლობას არანაკლებ 300 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს. ახალ ხაზს 11 გაჩერება ექნება. პროექტის განხორციელებისთვის კონტრაქტორს 36 თვის ვადა, ანუ 3 წელი მიეცემა. აქედან უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 თვე არის გამოყოფილი.

კომპანიების მიერ წარდგენილი კითხვები შემდეგ საკითხებს უკავშირდება:

1. ვადების ადეკვატურობა და ადმინისტრირება

პრეტენდენტთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ პროექტის „Design-Build“ (დაპროექტება და მშენებლობა) მოდელი მოითხოვს კომპლექსურ კვლევებს. კომპანიები ითხოვენ წინადადებების წარდგენის ვადის მინიმუმ 2 თვით გახანგრძლივებას. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ასევე კონცეპტუალური პროექტისთვის გამოყოფილი 3-თვიანი ვადა, რადგან სატენდერო დოკუმენტაცია არ მოიცავს წინასწარ გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევებს.

2. ვალუტის კურსი და ფინანსური რისკების მართვა

ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი საგადახდო ვალუტას ეხება. მიმწოდებლები ითხოვენ განმარტებას: თუ ხელშეკრულება გაფორმდება უცხოურ ვალუტაში (USD/EUR), ხოლო ანგარიშსწორება მოხდება ლარში, გამოიყენება თუ არა გადახდის მომენტისთვის არსებული კურსი? კომპანიების პოზიციით, ისტორიული კურსის გამოყენება მათ სრულად დაუცველს ტოვებს ადგილობრივი ვალუტის დევალვაციის რისკის წინაშე.

3. რთული რელიეფი და გაუთვალისწინებელი ხარჯები

ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოიკვეთა, რომ ტრამვაის დეპოსთვის გამოყოფილი ტერიტორია მდებარეობს 10-მეტრიან ხევში, სადაც გადის მაგისტრალური კოლექტორი. პრეტენდენტები ითხოვენ დაზუსტებას, ჩაითვლება თუ არა ამ გარემოებით გამოწვეული დამატებითი საინჟინრო გადაწყვეტილებები (მაგ. ხიდოვანი კონსტრუქციები) „გაუთვალისწინებელ პირობებად“ (Variation), რაც დამატებით ანაზღაურებას დაექვემდებარება.

4. საინჟინრო კომუნიკაციები და პასუხისმგებლობის არეალი

მიმწოდებლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კომუნიკაციების (მილები, კაბელები) გადატანის საკითხი. დამკვეთმა განმარტა, რომ კომუნიკაციების გადატანის ხარჯებს მუნიციპალიტეტი დაფარავს, თუმცა მათი იდენტიფიცირება და კვლევა კონტრაქტორის ვალდებულებაა. ბიზნესი ასევე ითხოვს სატენდერო არეალზე წვდომის ნებართვებს კვლევითი სამუშაოების ადრეულ ეტაპზევე დასაწყებად.

5. ტექნიკური სპეციფიკაციები და სისტემური ინტეგრაცია

დაისვა კითხვები ტექნოლოგიურ დეტალებზე:

  • ვაგონების აღჭურვილობა: ვინ არის პასუხისმგებელი ვაგონებში CCTV და საინფორმაციო სისტემების მონტაჟზე, რადგან თავად ვაგონების მოწოდება ამ ტენდერის მიღმაა;

  • უსაფრთხოება: საჭიროა თუ არა ისრების გამათბობელი სისტემები და როგორ მოხდება სიგნალიზაციის სისტემის რეზერვირება;

  • სტანდარტები: რომელი ნორმები იქნება პრიორიტეტული — ადგილობრივი კანონმდებლობა თუ ევროპული სტანდარტები.

6. სამართლებრივი მექანიზმები

კომპანიები რეკომენდაციას უწევენ დავების გადაწყვეტის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას, როგორიცაა დავების საბჭოს (DAAB) შექმნა ან არბიტრაჟი, ნაცვლად მხოლოდ ადგილობრივი სასამართლოსი, რაც ასეთი მასშტაბის პროექტებისთვის სტანდარტულ მოთხოვნად მიიჩნევა.

tramvais proeqti o h

წყარო: BM.GE

64