
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ უკრაინასთან საკითხი უკვე დახურულია და ამჯერად, პოლონეთზე თავდასხმით იმუქრება.

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ რუსეთმა საპორტო ქალაქის დე ფაქტო ანექსია დაიწყო. კერძოდ, ანდრიუშჩენკოს თქმით, დღეიდან მარიუპოლის მაცხოვრებლებს შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეობის მიღება ე.წ. შუალედური მოქალაქეობის მიღების გარეშე.

მარიუპოლის მერის მრჩევლის ინფორმაციით, ქალაქში სულ მცირე 22 ათასი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინელების დაახლოებით 82% თვლის, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინამ არ უნდა დათმოს ტერიტორიები. ინფორმაციას BBC კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ ახალ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ის ერთადერთი პირობა დაასახელა, რის საფუძველზეც მზად იქნება პუტინთან შესახვედრად - ზელენსკის განცხადებით, მზად არის აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს მხოლოდ ერთადერთი საკითხის, ომის შეწყვეტის განსახილველად შეხვდეს.

ლიეტუვა, სლოვაკეთი და ლატვია უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად, ევროკავშირის მიერ, რუსეთის აქტივების კონფისკაციას მოითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონელ კოლეგა ანჯეი დუდასთან ერთად უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა და პოლონეთი მალე გააფორმებენ ორმხრივ შეთანხმებას ერთობლივ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლზე და შემდგომში ერთიანი პირობითი საზღვრის შესახებ, როდესაც უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აქვს მოლოდინი, უკრაინა ივნისში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდება.

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა, სადაც უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და მიმდინარე ომზე ისაუბრა. მისი თქმით, ის არ მოისვენებს სანამ უკრაინა ევროკავშირის წევრი არ გახდება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 22 მაისამდე რუსული მხარის დანაკარგი დაახლოებით 29 050 ჯარისკაცია, რაც გასულ დღესთან შედარებით 200 რუსი სამხედროთი მეტია.